More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!
  • ხელმისაწვდომობა

  • შესაძლებლობა

  • ინტეგრაცია

პროექტის შესახებ
პროექტი „CLOSER (უფრო ახლოს) – გაიაზრე სოციალური ინკლუზია“ დაფინანსებულია „ერასმუს +“ პროგრამის მიერ 2015 წელს. მას პარტნიორობით ახორციელებენ არა-სამთავრობო ორგანიზაციები ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან და სლოვაკეთიდან. პროექტის მიზანია აამაღლოს ახალგაზრდების მუშაობის ხარისხი და გააძლიეროს სოციალური ინკლუზიის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა მუშაკთა უნარები და კვალიფიკაცია. ასევე, წვლილი შეიტანოს მეტად ჩართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში და აამაღლოს ცნობიერება სოციალური ინკლუზიის შესახებ, როგორც ახალგაზრდებში, ასევე მთელს საზოგადოებაში.

პროექტის აქტივობების ფარგლებში ჩატარდება კვლევა, რათა გამოვლინდეს ახალგაზრდა მუშაკთა უნარები და კომპეტენციები ყველა პარტნიორ ქვეყანაში, რაც საფუძვლად დაედება საერთაშორისო ტრენინგ-კურსს. ასევე, პარტნიორები შეაგროვებენ სოციალური ინკლუზიის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილებებისა და პროექტების მაგალითებს და გაავრცელებენ მათ პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო საშუალებებით (ვებ-გვერდი, ალმანახი).

პროექტის უმნიშვნელოვანესი აქტივობაა სოციალური ინკლუზიის კვირეული – ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რომელშიც ჩართული იქნება ადგილობრივი საზოგადოება, ძირითადად ახალგაზრდები, რათა ხელი შეეწყოს უფრო მეტად ინტეგრირებული და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
პროექტის პარტნიორები არიან:
  • ცენტრი კულტურათაშორისი დიალოგისთვის (სლოვაკეთი)
  • EUROCIRCLE (საფრანგეთი)
  • Giosef Italy (იტალია)
  • CEPS Projectes Socials (ესპანეთი)
  • შიდა ქართლის რეგიონული განვითარების ცენტრი (საქართველო)
  • სოციალური ჩართულობა
    სოლიდარობა, ტოლერანტობა და სოციალური ინკლუზია (სოციალური ჩართულობა, თანაბარი პირობების შექმნა) წარმოადგენენ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც დაფიქსირებულია ყველა სამართლებრივ დოკუმენტში, როგორც საკვანძო საკითხები. სოციალური ინკლუზია არის განვითარებისა და სტაბილურობის წინა-პირობა, „პროცესი, რომელიც აძლევს საშუალებას მარგინალურ (გარიყულ) და მოწყვლად (დაუცველ) ჯგუფებს სრულად ჩაერთონ საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ჰქონდეთ წვდომა ფუნდამენტურ უფლებებზე და ჰქონდეთ სტანდარტული ცხოვრების საშუალება, რაც მიჩნეულია ნორმალურად იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობენ“.
    ამის საპირისპიროდ, სოციალური ექსკლუზია (გარიყულობა) ხელს უშლის ინდივიდებს, ჯგუფებსა და თემებს ჰქონდეთ წვდომა იმ ფუნდამენტურ უფლებებზე, შესაძლებლობებსა და რესურსებზე, რაც ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია საზოგადოების წევრებისთვის. სოციალური გარიყულობა არის პრობლემა, როგორც ინდივიდისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით. მოწყვლადი (დაუცველი) ახალგაზრდების სოციალური ჩართულობა არის გამოწვევა ევროპასა და მის მეზობელ რეგიონებში. სოციალური გარიყულობის საფრთხის ქვეშ არიან ახალგაზრდები: შეზღუდული შესაძლებლობით, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობით, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, დაუსაქმებელი, უსახლკარო ახალგაზრდები და ა.შ.

    შედეგად, სოციალური ინკლუზია არის აქტუალური საკითხი და ევროკავშირის სტრატეგიების, პოლიტიკისა და პროგრამების პრიორიტეტი. სტრატეგიის: „ევროპა 2020“ მიზანია 2020 წლისთვის გამოიყვანოს 20 მილიონი ადამიანი სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის საფრთხიდან. ევროკომისია ხაზს უსვამს სოციალური ინკლუზიის მიმართულებით არა-ფორმალური განათლების, მენტორობის, ახალგაზრდა ადამიანების მხარდაჭერისა და ახალგაზრდების მუშაობის მნიშვნელობას. ასევე, ახალგაზრდების სოციალური ჩართულობის წახალისება წარმოადგენს „ერასმუს +“ პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს.