More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ


Step by Step – towards a Better Future პროექტ „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ამოცანა იყო განათლების, დასაქმებისა და პერსონალური მხარდაჭერის გზით, შიდა ქართლის რეგიონის სოციალურად დაუცველი ჯგუფების - მაგ: ყოფილი მსჯავრდებულები, პრობაციონერები და მათი ოჯახის წევრები, დევნილები და ახალგაზრდა სამართალდამრღვევები - ქართულ საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ამ ჯგუფების, 16-დან 45 წლამდე ასაკის, შიდა ქართლში მაცხოვრებელ წარმომადგენლებს, რომლებიც იყვნენ უმუშევრები, შეეძლოთ ჯგუფურად მუშაობა და დაინტერესებულნი იყვნენ ახალი უნარების შესწავლითა და დაუფლებით.

პროექტის გლობალური მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მიერ გააზრებული სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების გზით. პროექტის სამიზნე რეგიონი იყო შიდა ქართლი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ იყო მსგავსი ტიპის პირველი პროექტი, რომელმაც გამოიყენა ინტეგრირებული მიდგომა პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და სხვა რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის, შიდა ქართლის რეგიონში.

პროექტი განახორციელა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ „თანხმობა“Hilfswerk Austria International-თან პარტნიორობითა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.

1. პროფესიული საგანმანათლებლო კურსები: პროექტის ფარგლებში განახლდა ინტეგრაციისა და ტრენინგების ცენტრის შენობა გორში და აღიჭურვა ახალი ხელსაწყოებითა და ავეჯით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო მოთხოვნებს. 2014 წელს დაიწყო პირველი კურსები სამ სხვადასხვა სპეციალობაში - ავეჯის ამწყობი, ელექტრო შემდუღებელი, ოფისის მენეჯმენტი. კურსის პროგრამა შედგენილი იყო მრავალპროფილიანი ტრენერების გუნდის მიერ, Hilfswerk Austria International-თან, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრთან ახლო თანამშრომლობით. თითოეული კურსის ხანგრძლივობა იყო 2 თვე და მისი მიმდინარეობის პერიოდში მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით, ტრანსპორტირებითა და სადილით. ჯამში ჩატარდა 6 სატრენინგო ციკლი 1 წლის განმავლობაში.

2. საბაზო უნარების ტრენინგები: ტრენინგის თითოეული მონაწილე, მის მიერ არჩეული სპეციალობის სწავლასთან ერთად, ვალდებული იყო დასწრებოდა კომპიუტერული უნარების შემსწავლელ გაკვეთილებს და შემდეგი თემატიკის ტრენინგებს: ეფექტური წერა და კომუნიკაცია, საბაზისო მათემატიკა, ჯგუფური მუშაობა, სოციალური უნარები, სამსახურის ძიების ტექნიკა. ზემოთ ხსენებული ტრენინგები ეხმარებოდა მონაწილეებს გამხდარიყვნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სწვეოდნენ გორში განთავსებულ სხვადასხვა საჯარო და კერძო ინსტიტუტებს და დასწრებოდნენ ინგლისური ენის გაკვეთილებს.

3. ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერა, ჯგუფში და ინდივიდუალურად: პროფესიულ და ცხოვრებისეულ ტრენინგებთან ერთად, თითოეული მონაწილე ვალდებული იყო დასწრებოდა საკონსულტაციო სესიებს ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად. ამ სპეციალისტების დამატებითი ჩართვა იყო პროექტის წარმატებულობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბენეფიციარების სრულყოფილ რეინტეგრაციას.
სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები აფასებდნენ თითოეული ბენეფიციარის რისკებსა და საჭიროებებს, რაც ნიშნავს პიროვნების კრიმინალურ კარიერასთან დაკავშირებული გარემოებების, ეკონომიკური პირობების, განათლების, ღირებულებების, სოციალური სიტუაციებისა და სხვა მსგავსი გარემოებების გამოვლენას, რისთვისაც გამოყენებული იყო ინტერვიუები (სპეციალური ფორმები და კითხვარები მოგვაწოდეს ავსტრიელმა ექსპერტებმა). გამოვლენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგებოდა მხარდაჭერის გეგმა თითოეული ბენეფიციარისთვის, სადაც გათვლილი იყო ბენეფიციართან მუშაობისთვის საჭირო ჩარევის ყველა ნაბიჯი (ინდივიდუალური და ჯგუფური). ასევე, ბენეფიციარის საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა კონსულტაციის გავლა იურისტთანაც. პროექტის ფარგლებში, მისი ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები აწყობდნენ რეგულარულ შეხვედრებს შიდა ქართლის პრობაციის ეროვნული ბიუროს სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან, რათა ერთობლივად განეხილათ და დაეგეგმათ მუშაობის სამომავლო ნაბიჯები პროექტში ჩართული ბენეფიციარებისთვის.
Step by Step – towards a Better Future
4. მხარდაჭერა დასაქმების პროცესში: რისკ-ჯგუფების, პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა, მათი ოჯახის წევრების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების წარმატებული რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სამსახურის პოვნა, ცხოვრების საკუთარი სახსრების შექმნა. ამის გამო, ბენეფიციარებმა გაიარეს სამსახურის ძიების ტრენინგები შემდეგ თემებზე: სად არის შესაძლებელი საჭირო ინფორმაციის მოძიება, როგორ და სად ვიპოვოთ სამსახური, როგორ მოვამზადოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, როგორ მოვიქცეთ სამსახურის გასაუბრების დროს და ა.შ. ტრენინგების შემდეგ სოციალური მუშაკები ეხმარებოდნენ ბენეფიციარებს ვაკანსიების მოძიებაში და განაცხადების მომზადებაში. ბენეფიციარები ასევე დარეგისტრირდნენ worknet.gov.ge - ზე, ეს არის დასაქმების სააგენტოს პორტალი, უმუშევრებისთვის და სამსახურის მაძიებლებისთვის. ამ ნაბიჯების შედეგად 71-მა ბენეფიციარმა იპოვა სამსახური პროექტის მსვლელობისას და 55 მათგანი კიდევ აგრძელებდა მუშაობას პროექტის დასრულებისას. პროექტის მონაწილეები დასაქმებულნი არიან როგორც კერძო კომპანიებში, ასევე მართავენ საკუთარ ბიზნესს. მათი ნაწილი მუშაობს პროექტის შედეგად შესწავლილი სპეციალობის მიმართულებით.

5. მენტორობის პროგრამა გადამზადებული მოხალისეების მიერ: მენტორი არის პიროვნება, რომელიც სხვა პიროვნებას ეხმარება დაბალანსებული და საზრიანი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და პოტენციალის გაძლიერებაში. ავსტრიის მაგალითით შთაგონებულებმა, სადაც მოხალისე მენტორები და რიგითი მოქალაქეები წლების განმავლობაში ეფექტურად მუშაობენ პრობაციონერებთან და ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად, ჩვენ, მენტორობის კონცეფცია პირველად დავნერგეთ შიდა ქართლში და მივაღწიეთ მოულოდნელ წარმატებას. აქტივობების პროცესში მენტორი ამყარებს არაფორმალურ (მეგობრულ) დამოკიდებულებას ბენეფიციართან და ინარჩუნებს რეგულარულ ურთიერთობას მასთან. მენტორი ეხმარება სამსახურის ძიებაში, დოკუმენტების მოძიებაში, განიხილავს მასთან მის ინტერესებს, ჰობს, შიშებსა და მოლოდინებს და აძლევს მოტივაციას მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ აქტივობებსა და პროგრამებში. ამასთან ერთად, აზრთა და შეხედულებათა გაცვლის მიზნით იმართებოდა მენტორების ყოველთვიური შეხვედრები პროექტის ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან. პროექტის დასასრულს ყველა მენტორი დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

6. მცირე საგრანტო პროგრამა: ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების და მათი თვითრეალიზაციისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, პროექტის კიდევ ერთი კომპონენტი იყო მცირე საგრანტო პროგრამა. გრანტის საშუალებით ბენეფიციარს შეეძლო საკუთარი ბიზნესის დაწყება, ისევე როგორც, არსებული მცირე საწარმოს გაფართოება და გაუმჯობესება.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კურსდამთავრებულს შეეძლო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება. მიღებული 57 განაცხადიდან 33 შეირჩა შემდეგი ეტაპისთვის, სადაც მათ გაიარეს შემდგომი კონსულტაციები ინდივიდუალურ ბიზნეს იდეასთან დაკავშირებით და მოსამზადებელი კურსი „ბიზნეს გეგმის შემუშავებაში“. საბოლოოდ, შეფასების დამოუკიდებელმა კომიტეტმა შეარჩია 23 საგრანტო განაცხადი, აქედან 2 იყო ჯგუფური და 21 ინდივიდუალური პროექტი.

პროექტის შედეგები: პროექტის განხორციელების 27 თვის მანძილზე 149 ადამიანმა ისარგებლა ჩვენი სერვისებით, 122 (81% კაცი, 19% ქალი) ადამიანმა გაიარა ტრენინგ პროგრამა და წარმატებით ჩაბარებული საბოლოო გამოცდის საფუძველზე მიიღო სერტიფიკატი. ტრენინგ კურსის მონაწილეების 82%-მა წარმატებით დაასრულა ის. კურსდამთავრებულთა შორის 49 იყო პრობაციონერი, 9 იყო ყოფილი მსჯავრდებული და 65 იყო ე.წ. რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი. ამ უკანასკნელში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს და ისინი, ვინც არიან ყოფილი მსჯავრდებულების ოჯახის წევრები.



Step by Step – towards a Better Future
პროექტის ბენეფიციარები:
შიდა ქართლის რეგიონის სოციალურად დაუცველი ჯგუფები: ყოფილი მსჯავრდებულები, პრობაციონერები და მათი ოჯახის წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები და ახალგაზრდა სამართალდამრღვევები.

პროექტის განმახორციელებელი:
HILFSWERK Austria International და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“

ადგილი
შიდა ქართლის რეგიონი

დამატებითი ინფორმაცია:
http://www.idpwa.org.ge/ge/step-by-step



რას ამბობენ?


პროექტის მნიშვნელობა მდგომარეობს პიროვნებებისთვის საკუთარი ღირსების აღდგენის შესაძლებლობის მიცემაში. ჩვენი პროექტის გუნდმა და მოხალისე-მენტორებმა აჩვენეს ბენეფიციარებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათზე კეთილშობილურად ზრუნავენ. ამ გზით არის შესაძლებელი ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც დადებით გავლენას ახდენს შეთავაზებული, ინტეგრაციაზე ორიენტირებული სერვისებისადმი მონაწილეთა მოტივაციასა და გახსნილობაზე. ამასთან ერთად, მენტორობის პროგრამამ, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა საქართველოს რიგითი მოქალაქეები და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, აჩვენა, რომ რეინტეგრაცია შესაძლებელია, თუ საზოგადოება დახმარების ხელს გაუწვდის სოციალურად დაუცველ/მოწყვლად ჯგუფებს.
ნიკოლ მარია ბაუერი, , პროექტის მენეჯერი